უხეში შეცდომა იყო დაშვებული… ამას ვეღარაფერს ვუშველით — კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ს დისკვალიფიკაციის ვერ არიდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაშვებული იყო „ძალიან დიდი და უხეში შეცდომა“, რაც არ უნდა ხდებოდეს.
მიუხედავად ამისა, კობიაშვილი ფედერაციაში ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობაა.
„აბსოლუტურად ცუდი ფაქტია, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ეს, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტი და ყურადღება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ერთიანობით მოვედით ამ თამაშამდე. ეს დავიმსახურეთ ერთად — გუნდის თითოეულმა წევრმა, ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ, გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა“, — განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, ისევე როგორც თითოეული ფეხბურთელის, დიდი დანაკლისია.
„გასაგებია და კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის ადამიანური შეცდომა, არანაირი ახსნა არ აქვს და არც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. დღეს ვიფიქროთ მომავალ თამაშზე“, — თქვა მან.
ლევან კობიაშვილს სოციალურ ქსელებში აქტიურად ახსენებენ მისსავე პოსტს, 2015 წელს გამოქვეყნებულს, სადაც მსგავს სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაციის უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობდა და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდა.
nethazeti.ge