ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღების, ხელისუფლების [აფხაზეთის დე ფაქტო – რედ] მისამართით სოციალურ ქსელებში ცილისწამების შესახებ კანონპროექტის განხილვისა და სხვა, საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების გამო, აფხაზეთში უკმაყოფილების ტალღა იზრდება.
აფხაზეთში ოპოზიციის ნაწილი გააქტიურდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეკრებაში მონაწილეობა არ მიუღია ვეტერანთა გაერთიანება “არუაას” წევრებს. თუმცა, ქართულ-აფხაზური ომის წევრები შეხვედრის მთავარი მონაწილეები გახდნენ.
სასტუმრო “ინტერ სოხუმის” საკონფერენციო დარბაზში ასამდე ადამიანი შეიკრიბა: საზოგადოების, ინტელიგენციის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლები.
შეხვედრის შემაჯამებელი დასკვნით, “ეროვნული ინტერესების საფრთხე ქვეყნის ხელისუფლებაა”. ორი საათის განმავლობაში შეკრებილები საუბრობდნენ ხელისუფლების ანტისახალხო ნაბიჯებზე, შემდეგ კი ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა რეზოლუციით “საჯაროდ უარი თქვას ანტისახალხო ინიციატივებისგან და კანონპროექტებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს და საკონსტიტუციო სამართალსა და აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფლებებს”.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც დოკუმენტში წერია, კრების მონაწილეები აცხადებენ, რომ აფხაზ ხალხს მოწოდებით მიმართავენ, უახლოეს დროში მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ კრებაში.
ხელისუფლებას მოწოდებაზე რეაგირება არ ჰქონია. ასლან ბჟანიასთვის მსგავსი შეკრებები და მოთხოვნები ოპოზიციის ჩვეული რიტუალია, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ ხოლმე.
უკანასკნელად მსხვილმა კონსოლიდირებულმა პროტესტმა მშვიდობიანად და მხიარულად ჩაიარა შარშან, 2023 წლის 30 მაისს. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ მიტინგზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცალკეული საზოგადო პირები გამოვიდნენ. ოპოზიციის ლიდერებიდან კი მხოლოდ ლევან მიქაა შეუერთდა პროტესტს.
ახალი მოთხოვნის შესაბამისად, ოპოზიცია ხელისუფლებას სახალხო ბუნტს პირდება.
აფხაზური ხელისუფლების ანტისახალხო ინიციატივებს შორის ოპოზიცია ასახელებს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტს, ცვლილებებს კანონში ცილისწამების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში ხელისუფლების კრიტიკისთვის სისხლის სამართლით გათვალისწინებულ სასჯელს, აეროპორტის ტერიტორიის გაფართოებას კერძო ბინისმესაკუთრეთა ხარჯზე და მსხვილი ენერგო ობიექტების იჯარით გაცემას.
აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, რომლის მიღებასაც უკანასკნელი წლებია მოსკოვი სოხუმისგან პირდაპირ და ირიბად მოითხოვს, საკანონმდებლო ორგანოს, ჯერჯერობით, არ განუხილავს და ინიციტივაზე სამოქალაქო სექტორის მწვავე რეაქციის გამო, არც მისი საპარლამენტო მოსმენები დანიშნულა.
კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმეო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარონ უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში.
რაც შეეხება კანონპროექტს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც პარლამენტში [დე ფაქტო] პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შევიდა, მსხვილ ჯარიმებსა და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოების შეკრების ფაქტი უგულებელყო სახელმწიფო და რუსულმა მედიამ. ეს მოვლენა მხოლოდ ოპოზიციურმაა ტელეგრამ არხებმა და აფხაზურმა ტელევიზია აბაზა.ტვ-მ [Абаза-ТВ] გააშუქა. Абаза-ТВ, მისი შექმნიდანვე, 2007 წლიდან საკუთარ თავს დამოუკიდებლად პოზიცირებს. თუმცა, დაახლოებით, ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის დამფუძნებელმა ბესლან ბუტბამ ის გაყიდა. ახალი მფლობელი ზახარ აგრბაა, 31 წლის ბიზნესმენი მოსკოვიდან. საზოგადოებაში საუბრობენ იმაზე, რომ ზახარ აგრბა ასლან ბჟანიას ვაჟის უახლოესი მეგობარია და ტელევიზიის ახალი მფლობელის უკან სწორედ აფხაზეთის პრეზიდენტი დგას.
არხის თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება, რომ მუშაობას იმავე ფორმატში გააგრძელებენ, რაც ნიშნავს, რომ არხი კვლავაც გააშუქებს ოპოზიციის საქმიანობას. სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვანი კომენტატორები კი ვარაუდობენ, რომ ურჩ ჟურნალისტებს დაითხოვენ, რომ ტელევიზია ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად მაუწყებლობის პოლიტიკის განსაზღვრას და ა.შ.
თუმცა, ჯერ მხოლოდ ისაა ცხადი, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის შემდეგაც კი, ოპოზიცია კვლავ ჩანს ტელევიზიის ეთერში.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს უბრალოდ საჭირო ტაქტიკაა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ გარკვეულმა მესამე ძალამ საპრეზიდენტო აჩევნებამდე, რომელიც აფხაზეთში 2025 წლის მარტში გაიმართება, ხელში ჩაეგდო საინფორმაციო ველი.
როგორც ჩანს, არჩევნებს აფხაზეთი ისეთი პრობლემური საკითხებით შეხვდება, როგორიცაა ენერგეტიკული კრიზისი, ნაგვის უტილიზაცია და ნავთობპროდუქტების იმპორტი. საზაფხულო სეზონი უფრო ცხადს გახდის ამ პრობლემებს. მომავალ ზამთარს კი ენერგოკრიზისი ისევ გამწვავდება.
ელეტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას თქმით, ჰიდროელქტროსადგური იმ ქართული ელექტროსადგურებს უხდის ვალებს, რომლებიც აფხაზეთს დერივაციული გვირაბის რემონტის დროს ამარაგებდნენ.
“ჩვენ იძულებული ვიყავით გვეთხოვა საქართველოს სადგურებისთვის ვალად მოეცათ ელექტროენერგია იმ დღეებში, როდესაც გვირაბის რემონტი მიმდინარეობდა. რემონტის შემდეგ მოგვიწევს ელექტროენერგიის დაბრუნება. ამიტომაც მოსახლეობისთვის შეზღუდვების მაშინვე მოხსნას ვერ შევძლებთ”, – აცხადებდა მებონია სატელეფონო საუბარში ტელეგრამ არხ “აფხაზურ პორტალთან”.
14 აპრილს “ჩერნომორენერგო” 6 საათიანი გათიშვებიდან 4 საათიანზე გადავიდა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დააანონსა.
ამასთან, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად მწვავდება ნაგვის უტილიზაციის საკითხი. აფხაზეთის დასავლეთით უკვე ჩნდება ხანძრები ნაგავსაყრელებზე. სოხუმში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ქალაქის ნაგავსაყრელი ჯერ კიდევ 2018 წელს დახურეს და ნაგვის გადატანა გალში დაიწყეს. თუმცა, ნაგვის დასაგროვებლად შუალედური პუნქტი მოეწყო ყოფილ ტაქსოპარკში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილი სანაგვე პოლიგონი მოეწყო. მის ლიკვიდაციას ითხოვს ახალი რაიონის მცხოვრებლები უკვე ორი წელია.
სოხუმის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ნაგავსაყრელის ლიკვიდირებას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის პირდება, თუმცა, ნაგვის მოცულობიდან გამომდინარე, წელიწადიც არ იქნება საკმარისი ნაგვის გატასანად.
ზაფხულში მოსალოდნელია ასევე საწვავის კრიზისის გამწვავება. უკანასკნელი სამი წელია აფხაზეთი რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემას აწყდება. ზაფხულში სამხრეთ მიმართულებით მგზავრთა ნაკადის გამო, რუსეთის რკინიგზა გადატვირთულია. ამ დროს პრიორიტეტული ხდება სამგზავრო მატარებლები, სატვირთო ვაგონები კი სათადარიგოშია.
2021 წლის დასაწყისიდან აფხაზეთში ნავთობკომპანიების მიერ შეძენილი ბენზინი თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო სწორედ ამ სადათრიგო გზებზე, იმ დროს, როდესაც მოსახლეობა აფხაზეთში ნავთობის დეფიციტს განიცდიდა. მაშინ პრობლემა გვარდებოდა იმის ხარჯზე, რომ მარაგების მქონე კომპანიები კონკურენტებს უყოფდნენ საწვავს. ამის გამო ზაფხულში ფასები საწვავზე რამდენჯერმე იზრდებოდა.
2024 წლის დასაწყისში კი რუსეთმა როსნეფტის გარდა, ყველას აუკრძალა ბენზინის ქვეყნის გარეთ გატანა. აფხაზეთის საწვავის კომპანიები იძულებული გახდნენ შეთანხმება გაეფორმებინათ როსნეფტთან, რაც ბაზრის ავტომატურ მონოპოლიზაციას ნიშნავდა.
ამიტომაც, მოლოდინები საწვავზე კრიზისისა, სრულიად გამართლებულია. სავარაუდოდ, მისი დეფიციტი ფასსაც საგრძნობლად გაზრდის ზაფხულში.
თუმცა, ზაფხულისთვის შესაძლოა უკვე ვეღარავინ შეძლოს ყველა ჩამოთვლილი პრობლემის გაპროტესტება.
თუ დამოუკიდებელ ჟურნლისტებსა და ბლოგერებს უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადებენ, კრიტიკა სოციალურ ქსელებსა და ქუჩაში შეუძლებელი გახდება დაპატიმრების პერსპექტივის გამო. ჯერჯერობით, ეს პერსპექტივა სწორედ ასე გამოიყურება, თუმცა, ბევრია დამოკიდებული დეპუტატების შემდგომ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების აქტიურობაზე.