ირაკლი კუპრაძე – ორი პოლუსის შემადგენელია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ – მნიშვნელოვანია, ორი პოლუსის მიღმა ძლიერად წარმოჩნდნენ სხვა პროდასავლური პარტიები, „ლელო“ თავს ამ შუაველის მთავარ მონაწილედ მიიჩნევს

მამუკა ხაზარაძის განცხადება და „ლელოს“ პოზიცია, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ არ არის სადმი პასუხი. ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ იმ ძალადობაზე პასუხი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც განმარტა თუ რას ნიშნავს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული „პოსტი“ – „შუა უნდა შეიკრიბოს!!!“.
როგორც კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი შეტევა ქართულ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე. ივანიშვილს უნდოდა ამ ქვეყანაში მომხდარიყო მაქსიმალური პოლარიზება და მოპასუხედ დარჩენოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ამან რა შედეგი მოიტანა ვნახეთ 2020 წლის არჩევნებზე.
შუა არ გულისხმობს ორ პოლუსს. ორი პოლუსის შემადგენელი ნაწილია ერთ მხარეს – „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა. ალტერნატივა არის გამოსავალი და შუა უნდა შეიკრიბოს“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია პოლარიზება.
„რატომ გვეძახიან „ლელოს“ „ნაცებს“? იმიტომ, რომ უნდათ აფილიაცია გააკეთონ, არადა განვსხვავდებით ერთმანეთისგან. რა მიზანიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არის პოლარიზება. თუ გინდა სიკეთე მოუტანო ამ ქვეყანას, უნდა გააკეთო საწინააღმდეგო. საწინააღმდეგო არის ის, რომ დღეს შუა შეიკრიბოს და ს დემოკრატიაზე მზაკვრული ძალადობის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“,- განაცხადა კუპრაძემ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა „ლელო“ გარკვეულ იდეურ თანხვედრას რომელიმე პარტიასთან, კუპრაძე პასუხობს, რომ „ლელო“ აპირებს, რომ გაძლიერდეს მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში.
„ამ ეტაპზე საუბარი, კომუნიკაცია, გადაწყვეტილება, მსჯელობა რამე ტიპის პარტიულ გამსხვილებასთან დაკავშირებით არ ყოფილა და არც უახლოეს პერიოდში იგეგმება. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ორი პოლუსის მიღმა ძლიერად წარმოჩნდნენ სხვა პროდასავლური პარტიები. „ლელო“ ამ შუაველის მთავარ მონაწილედ მიიჩნევს თავს“,- განაცხადა კუპრაძემ.
ამასთან, კუპრაძის განცხადებით 2024 წლის არჩევნებში „ლელო“ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს, მხოლოდ, ხმების დაცვის პროცესში.
მისივე განმარტებით, 2024 წლის არჩევები პროპორციული ა და მხოლოდ გაერთიანებას ითვალისწინებს და ბლოკები აკრძალულია.
„2024 წლის არჩევნებისთვის თანამშრომლობა შეიძლება ნიშნავდეს, მხოლოდ, ერთს – გაერთიანებას. სხვა ფორმატის თანამშრომლობას ეს არჩევნები არ იცნობს. უპრეცედენტოდ ახალი არჩევნებია, პროპორციული არჩევნებია და ბლოკები აკრძალულია.
მეორე არის კოორდინაცია. ხმების დაცვის პროცესში ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან. კოორდინაციასა და თანამშრომლობას შორის დიდი განსხვავებაა. თანამშრომლობა ამ არჩევნებში გულისხმობს, მხოლოდ გაერთიანებას. სხვა ფორმატს არ იცნობს 2024 წლის არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის სრულიად პროპორციული არჩევნები“,- განაცხადა კუპრაძემ.