თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტების თქმით, ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს ლექტორის საქმიანობა უნივერსიტეტში.
“ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევქმნით პეტიციას – ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს”. – ამის შესახებ ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა.
სტუდენტები თსუ-ში არიან შეკრებილები და მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან მისვლას გეგმავენ, რათა რუსული კანონი გააპროტესტონ.
დღეს, 22 აპრილს, 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არის დაგეგმილი. უკვე მეხუთე დღეა – უმეტესად სტუდენტები, თვითორგანიზებით პარლამენტთან იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობით სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მიდიან.