პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელსაც ზოგადი განათლება დაეფუძნება

ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დოკუმენტის ირგვლივ გაიმართა ფართო ჩართულობის საჯარო დისკუსიები და მოხდა მაღალი ხარისხის დოკუმენტის მიღება, რომელიც პრემიერის ინფორმაციით, უკვე 20 წელია არ შეცვლილა.
„ეს პროექტი განხილულ იქნა, შემდგა შესაბამისი საჯარო განხილვები, საკმაოდ ფართო ჩართულობით, აქ იყვნენ პარლამენტის წარმომადგენლები, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართულები იყვნენ, ასევე, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები- მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლების, მათ შორის, კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი. ის ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს- პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება; სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოს დაცვითი ცნობიერება; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა და ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები, სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. 20 წელია ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად, აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითი გადასინჯვა და დიდი მადლობა განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლების და მეცნიერების სამინისტრო“, – განაცხადა კობახიძემ.