საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მცხოვრები ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში აგულოვების ექვსულიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებში ჩართულია და იღებს სახელმწიფო დახმარებას, ბავშვების ყოველდღიური საჭიროებისთვის, საზოგადოების აქტიურობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, სოფო შაქარაშვილი გვიდასტურებს, რომ ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და აქვე დასძენს:
“აგულოვების ოჯახი, მერიიდან, მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარებით სარგებლობს. ახლახან, ზამთრისთვის ერთჯერადად ჩაერიცხათ ასი ლარი. კომუნალური გადასახადებისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი აქვთ 15 ლარი. ოჯახი ჩართულია საახალწლო ამანათების სიაში და იღებს პროდუქტებს, ასევე – სააღდგომოდ. ყოველთვიურად კი, სოციალურ დახმარებას ფულადი სახით იღებენ” – აცხადებს სოფო შაქარაშვილი.
მრავალრიცხოვანი ოჯახის დიასახლისი, ელგა ფანჩულიძე ჰყვება, რომ სახელმწიფო დახმარების მიუხედავად, ბავშვებისთვის მთელი რიგი საჭიროებების დაკმაყოფილებას, საკუთარი ძალებით, ვერ წვდება. პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ქალმა ბანკიდან აღებული კრედიტის გადახდა ვეღარ შეძლო.
ოჯახს ახლა ზამთრისთვის შეშა ესაჭიროება, რაც კონკრეტულ თანხებთან არის დაკავშირებული.
“ახლა, რასაც ჩემი მეუღლე მინდორში და ტყეში იპოვის, წვრილ ხმელ ფიჩხს, მოაქვს და იმას შევუკეთებთ და ვანთებთ ღუმელს. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რომელსაც ბავშვებზე ვიღებთ. პატარა მაგიდა გვაქვს და მორიგეობით ვსვამ ორ-ორს, რომ მეცადინეობა მოახერხონ. აი, ასეთ მდგომარეობაში რაღაცნაირად ასწრებენ სწავლას“, – ამბობს ელგა.
როგორც ექვსი შვილის დედა ჰყვება, არსებული მდგომარეობის გამო, ბავშვების სრულფასოვნად გამოკვებას ოჯახი ვერ ახერხებს, ამიტომ ის საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.
“ყველას ღმერთი გაახარებს, ვინც შეგვეწევა და ჩემი შვილების გახარებას მცირედით მაინც ეცდება”, – ამბობს ელგა.
მათ, ვისაც ამ ოჯახის დახმარების სურვილი და შესაძლებლობა აქვს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:
568 684837 ან თანხა ჩაურიცხოთ ს ანგარიშზე:
GE40BG0000000525156538 მიმღები ელგა ფანჩულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ