ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, „მტრის ტაქტიკა შეისწავლონ“.
მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ისრაელის წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული ოპერაციისთვის.
“განუწყვეტლად მისდიეთ სამხედრო ინოვაციებს და შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა”, – მიმართა ირანის უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.