„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ „პატარა გადაცდომაზე ყველა მკაცრად დაისჯება“:
„ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს… ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა,
ღარიბაშვილის „შიდა კინკლაობას“ უწოდებს დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ „ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის ომს ახსენებს და იმეორებს აქამდე არაერთხელ ნათქვამს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ და რომ ეს რეალური საფრთხე „ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის” არსად წასულა.
„რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა? ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, „ქართული ოცნებაა“,- ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, “ბირთვული ომის რიტორიკაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები და რუსეთი პირდაპირ საუბრობენ”:
„ძალიან სერიოზული სიტუაცია არის დღეს მსოფლიოში. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ. გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში…მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას…. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო “ქართული ოცნება” “გამჭვირვალობის” კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა – 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა. ეს რიცხვი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მიაწოდა.