აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული პირი პირდაპირ აღნიშნავს, რომ “რობოკოპებთან” ერთად მასზე ფიზიკურად იძალადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. დაკავებულს მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ადვოკატმა ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ინტერესებს იცავს. ორგანიზაციამ დღეს ჟურნალისტებს ინფორმაცია გააცნო, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს. 2024 წლის 16-17 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
უკანონო და არალეგიტიმური ძალის გამოყენების დროს, შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პროცესში, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები, მათ შორის, დაკარგულია ორი მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, სათვალე. დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ ატარებდნენ სავალდებულო მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, დაკავებული პირი პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს, თუმცა არა უმეტეს 24 საათისა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებულის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იქნებოდა დაკავებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში“- აცხადებენ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.
ორგანიზაციის შეფასებით, დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.
DRI-ს შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.
DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
ორგანიზაცია ასევე, მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.
DRI მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი”, – აცხადებენ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში”.
“მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული. ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება “რობოკოპებთან” ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ “ხარება” მივიდა მასთან (დაშავებული პერიოდულად კარგავდა გონებას), მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, ჩვენი ყველა დასაცავი პირი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. მათი მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას”, – განაცხადა ანა გახოკიძემ.