შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
“მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით”. – წერს უწყება.
შსს-ს განცხადებაშია ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა ქვეყნის პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
განცხადების ავტორ სამართალდამცველთა მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება, არამედ გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ მისკილი 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა.
25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი გრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.
“ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს”, “გზას აცდენილი კაცი” – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს “ანარქისტი” უწოდა.