„რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა, თვითონაც თავს იკლავდა“ – ქარელის ტრაგედიის დეტალები

ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. “მთავარის” ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი – გელა ნონაშვილი მოკლულის ნათესავი იყო და ის უკვე დაკავებულია.
მკვლელობა გუშინ, საღამოს საათებში სოფლის სიახლოვეს მოხდა. მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დემურ ნონაშვილი თევზაობდა, მისი ბიძაშვილი კი ჭალაში სავარაუდოდ ნადირობდა და სწორედ ამ დროს გაისროლა, რა დროსაც დემურ ნონაშვილს ტყვია თავში მოხვდა. 112-ში გელა ნონაშვილმა თავადვე დარეკა და ადგილზე სასწრაფოც მივიდა, თუმცა ექიმებს 60 წლამდე ასაკის კაცი უკვე გარდაცვლილ დახვდათ.
განზრახ მკვლელობაზე ოდნავ ეჭვიც არ გვაქვს… რაღაცა ცხოველი გონებია და რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა, თვითონაც თავს იკლავდა – ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გელა ნონაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. არ არის გამორიცხული, გამოძიებამ მუხლი გადააკვალიფიციროს.