გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა 97 ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19-ის პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული სალდო -7 ათასია.
PMSG-ის მიმოხილვის მიხედვით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა 17%-ით შემცირდა (806 ათასიდან 669 ათასამდე). 2020 წლის მაჩვენებლით საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 16%-ს შეადგენს.
„მიუხედავად მნიშვნელოვანი კლებისა, (42%), საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (258 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად.
გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%). აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა, 75%-დან 64%-მდე.
იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 27%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი 3%-დან 7%-მდე. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, რომლებმაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დატოვეს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.