სახალხო დამცველის ცნობით, ის დღესვე მიმართავს საგამოძიებო სამსახურს პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის მიმართ “განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით”.
“სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს”. – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე სახალხო დამცველის ინფორმაციით, აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა 17 აპრილს აქციაზე დაკავებული პირი, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა. დაკავებული აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს”. – წერია განცხადებაში.