შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ – უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ “პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ
განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები”, პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა. არის თუ არა ამ ორ დაკავებულს შორის ერთი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინა ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, უწყება არ აკონკრეტებს.
პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის მიცემული ვადა (17 აპრილის 22:30 საათი) სადავო კანონპროექტის უკან გასაწვევად.
საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი”, რომელიც გასული წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე უკან გაიწვიეს, დღის წესრიგში კვლავ 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. 17 აპრილს კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა.
დაწერეთ კომენტარი