„18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე – N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება.
„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ.
18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.
„აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.
ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.
160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.