რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ 82 ხმით მოულოდნელად დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო კოდექსში ცვლილებას.
ეს კანონპროექტი ე.წ. ოფშორული ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანისას დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე განმარტავს, რომ კანონპროექტით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები და აქციები.
“კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100%-ს. ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად. ელოდება სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს”, – წერს გოცირიძე.