კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები ჩვენი საერთო სულისკვეთებაა – ჩვენი მომავალი ევროპაა

“ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა” – ასე ეხმაურება თბილისის მერი ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ევროპის მხარდამჭერ პოსტებს.
“რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა” – წერს კახა კალაძე.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის, ხოლო პარლამენტთან მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნული ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ “საქართველოს გზა ევროპაშია”. ამასთან, გიორგი აბურჯანიამ, გიორგი ხარაიშვილმა და იქამდე გიორგი ქოჩორაშვილმა საპროტესტო აქციის ფოტოც გამოაქვეყნეს.