პარლამენტის დეპუტატი, პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, საგადასახადო კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს შემოაქვს ცვლილება, რომლის თანახმადაც ოფშორული ტერიტორიიდან საქართველოში კომპაიის ან საკუთრების გადმოტანა აღარ დაიბეგრება. როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, ეს შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს რომ ოცნება სანქციებისთვის ემზადება.
„როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 ლწამდე.
ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად.“- წერს სანდრო რაქვიაშვილი და კანონპროექტის „სქრინს“ აქვეყნებს.