ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსული კანონის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა. ინფორმაციას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.
“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს.
ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC – სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.
“ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”. – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე”. – წერს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.