თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი, უკრაინაზე მეტად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ასეთი ვითარება იმის გამოა ჩამოყალიბებული, რომ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომსა და ამ ომში უკრაინის გამარჯვებას მსოფლიოში ახალი წესრიგის შექმნასა მშენებლობაში, – განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა, “ინტერპრესნიუსთან” ვრცელ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ომში ჩართულ არცერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება, განახორციელოს წარმატებული შეტევა.
“სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს
დასავლელ პარტნიორებს ძირითადად ესმით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ამ ომში გამარჯვებისა და უკრაინის დამარცხების საშუალება. მაგრამ, როცა საკითხი ეხება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროში სწრაფად მიწოდებას.
ეს კი ისაა, რაც დღეისთვის არ სრულდება ჩვენი პარტნიორების მიერ. ამიტომაცაა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ის სიტუაციაა, რასაც ვხედავთ”, – აცხადებს ჟდანოვი.