„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც

თბილისის მსგავსად ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში და ახალციხეშიც.
ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.
„არ ვაპირებთ დავთანხმდეთ ამ “აგენტების” სტატუსს“, – ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი.
ზუგდიდში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ახალციხეშის ცენტრალურ მოედანზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, ს გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა “უცხოეთის აგენტების კანონი” ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ