წელს სპილენძის იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა თითქმის განულებულია, ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება კი 41.3%-ით შემცირდა – Galt&Taggart

სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. 2023 წლის კლების შემდეგ, მიმდინარე წელს იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა თითქმის განულებულია. ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
რაც შეეხება ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულებას, ის წლიურად 41.3%-ით შემცირდა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალსი, რაც ფასების კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც (-26.3% წ/წ).
„2024 წლის მარტში სპილენძის ფასი თვიურად 4.3%-ით გაიზარდა (+3.6% 1კვ24-ში). მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის ნელი ზრდისა, ინვესტორები ბაზარზე დეფიციტს ელიან, რაც ცენტრალური ბანკების შემცირებული განაკვეთებითა და შემცირებული გადამუშავებით იქნება გამოწვეული. სპილენძის გადამამუშავებლები წარმოების შემცირებას კონცენტრანტების ნაკლებობის გამო გეგმავენ, რაც ფასის აღმასვლას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე დეფიციტის ნიშნები ცხადი არ არის, ანალიტიკოსების მიხედვით, ის მაშინ გამწვავდება, როცა წარმოება შემცირდება, ხოლო კლებადი განაკვეთების ფონზე ინდუსტრიული მოთხოვნა გაიზრდება. მათი ანალიზით, სპილენძის ფასმა წლის ბოლომდე $10,000-$10,200-ს შესაძლოა მიაღწიოს.
2024 წლის მარტში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 0.1%-ით (+9.2% 1კვ24-ში), ჩინურის კი 4.7%-ით შემცირდა (-8.2% 1კვ24-ში). ევროპული მეტალის ფასის კვარტალური ზრდა წითელი ზღვის კრიზისის გამო შემცირებულ ინდურ მიწოდებას უკავშირდება. ჩინურ ბაზარზე დაღმასვლა კი უძრავი ქონების პრობლემებისა და სუსტი ინფრასტრუქტურული მოთხოვნის შედეგია. რკინის მადნის ფასი აზიაში ათთვიან მინიმუმზე დაეცა, აღმასვლის პოტენციალი კი დამაიმედებლად არ გამოიყურება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.