„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი მაგიტომაა საინტერესო. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის ერთ-ერთი ლიდერია გუნდში. მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მომავალი შეხვედრების მოსაგებად.
„ფეხბურთს თამაშობს 11 კაცი მინდორზე და ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და წარმატება მოიპოვონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.