“ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში, ფული არ დახარჯოს და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე – რატომ?! ვისთვის ვზღუდავთ ამას? საკუთარ თავებს ვიზღუდავთ ისევ და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამასაც მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ “ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე” არ უერთდება.
დედაქალაქის მერის თქმით, ამის მიუხედავად, ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის შეზღუდვით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა ზიანდება.
“სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით. ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდეს, იქნება ეს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა თუ ა.შ… რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და საქართველოს ხელისუფლებამ მადლობებიც კი მიიღო ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს კახა კალაძე.