„გალას“ ძირითადი სამიზნე ჯგუფი ქართული, ქუთაისური აუდიტორიაა – ლილე მაღლაფერიძე

2 კვირის წინ ქუთაისში ახალი კონცეპტუალური რესტორანი „გალა“ გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რესტორნის დამფუძნებელი ლილე მაღლაფერიძე ამბობს, „გალას“ კონცეფცია პოეტების მეფეს, გალაკტიონ ტაბიძეს უკავშირდება. კერძებს რაც შეეხება, მენიუში აქცენტი იმერული კერძებზე აქვთ. „გალას“ კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი სტუმრების თიხის, ქართული ტრადიციული ავთენტიკური ჭურჭლით მომსახურებაა.
ლილე მაღლაფერიძე ჰორეკა სექტორში 3 წლის წინ, პანდემიის შემდეგ გამოჩნდა და ქუთაისში რესტორანი „ლილესთან“ გახსნა, რომელმაც გასულ წელს Gault&Millau Georgia-ს ჯილდო მიიღო და 2023 წლის იმერეთის საუკეთესო კონცეპტუალური რესტორანი გახდა. რესტორან „ლილესთან“ წარმატების შემდეგ, ლილე მაღლაფერიძემ, პარტნიორებთან ერთად, ახალი რესტორანი – „გალა“ გახნა.
„გალა“ არის კონცეპტუალური რესტორანი, რომელიც 2 კვირის წინ გაიხსნა. კონცეფცია ეფუძნება გალაკტიონ ტაბიძეს. საკმაოდ დიდი სივრცეა, გამოფენილია გალაკტიონის ნახატები, ლექსები და წერილები ოლია ოკუჯავასთან. ძირითადად გამოყენებულია ქართული თიხის ჭურჭელი, რომელიც შექმნილია ეთნოგრაფიული მუზეუმის ნამუშევრების პროტოტიპების მიხედვით. გვინდოდა, რომ მხოლოდ თიხის ჭურჭლით მოვმსახურებოდით სტუმრებს, მაგრამ მოჭიქული ჭურჭლის კულტურა ნაკლებადაა განვითარებული იმერეთში და თიხის ჭიქების გამოყენება ვერ შევძელით, თეფშებს და კეცებს აქტიურად ვიყენებთ.
ინტერიერში გამოყენებულია ხის მასალა, რაც თბილ გარემოს ქმნის და ეს ყველაფერი დაგვირგვინებულია ქართული ავთენტიკური სამზარეულოთი – არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ საქართველოდან“, – გვიყვება ლილე მაღლაფერიძე.
რაც შეეხება რესტორნის შექმნის ინვესტიციას, „გალა“ ლილე მაღლაფერიძემ გრანტის გარეშე, პარტნიორებთან ერთად გახსნა: „პარტნიორებმა თანამონაწილეობა განახორციელეს პირადი უძრავი ქონების საფუძველზე, ჩვენი იყო მხოლოდ სამზარეულოს ინვენტარი და ავეჯი. დანახარჯი 50 000 ლარის ფარგლებში დავთვალეთ“, – ამბობს ლილე მაღლაფერიძე.
რესტორნის დამფუძნებლის თქმით, 2 კვირის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, „გალას“ თანაბრად სტუმრობენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. რესტორანი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ფასებიც ხელმისაწვდომია, ძირითადი სამიზნე ჯგუფი მაინც ქართული, ქუთაისური აუდიტორიაა.
„ვფიქრობ, რომ საშუალო ფასები გვაქვს. „გალა“ უნდა იყოს რესტორანი ყველასთვის, ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი ქართული, ქუთაისური აუდიტორიაა, შესაბამისად, ფასები არის ძალიან მისაღები, საშუალო და ზოგჯერ საშუალოზე დაბალი“, – ამბობს ლილე მაღლაფერიძე.
რესტორნის დამფუძნებლის თქმით, „გალას“ საფირმო კერძი იმერული დაფაა, რომელიც რამდენიმე იმერული კერძის ერთობლიობაა. მის შემადგენლობაში შედის – ხაჭაპური, წიწილი, რამდენიმე მხალი. ფასი 110 ლარია.
„გალას“ სივრცე 100 პერსონაზეა განსაზღვრული და რესტორანში 10 ადამიანია დასაქმებული.