„დღეს დაწესებულების ხელმძღვანელების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საკონკურსო კომისიაში მონაწილეობა გამორიცხულია“ – მაია დვალიშვილი

„თუ ადრე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები ან პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ ხოლმე საჯარო სამსახურში მიმდინარე საკონკურსო კომისიაში დღეს მათი მონაწილეობა გამორიცხულია, კანონითა შეზღუდული“, – ამის შესახებ ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონკურსო კომისიის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს პირველი ან მეორე რანგის მოხელე.
„ამის მიზეზი გახდა ის, რომ როცა კანონი იწერებოდა, ძალიან დიდი პრობლემა იყო ქვეყანაში ნეპოტიზმთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ზეგავლენა უნდა შემცირებულიყო და კონკურსი მაქსიმალურად პროფესიონალიზმზე დაფუძნებით ჩატარებულიყო, კანონში ეს ყველაფერი განისაზღვრა,“ – განმარტა მაია დვალიშვილმა.
მისი თქმით კანონში საჯარო სამსახურის შესახებ ახლებურადაა მოწესრიგებული სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები. ამ საფუძვლების გარდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლებელია.
„სავალდებულო საფუძვლებში გათვალისწინებულია – მოხელის გარდაცვალება, უგზო-უკვლოდ გამოცხადება, ასევე 2-ჯერ ზედიზედ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება. არის ასევე არა სავალდებულო საფუძვლები, რომლის დროსაც შესაძლებელია, რომ მოხელე გათავისუფლდეს. ეს არის – რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ასეთ დროს მოხელეს დაწესებულება ეკვივალენტურ პოზიციას სთავაზობს საჯარო სამსახურში.
უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში ხდება თანამდებობაზე აღდგენა. გვაქვს სპეციალური ნორმები, როცა უკანონო გათავისუფლებულები უნდა დაბრუნდნენ იგივე, ან ეკვივალენტურ პოზიციაზე და უნდა მიეცეთ შესაბამისი განაცდური და კომპენსაცია“, – განმარტა მაია დვალიშვილმა.
მისი თქმით, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და ახალმა კანონმა ახლებური რეალობა შემოგვთავაზა სამსახურში შრომითი ურთიერთობების კუთხით. საჯარო სამსახურში დასაქმება კი შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წელს და აქვს საშუალო განათლება მაინც.
„ახალი კანონით საჯარო სამსახურში შეიქმნა კარიერული სისტემა, სადაც პროფესიონალი მოხელეები უფრო მეტად დაცული არიან. დაბალი რანგის თანამდებობებზე შემოდინება ხდება კონკურსის საფუძველზე. კარიერული სისტემა კი ნიშნავს იმას, რომ განვითარება, კარიერული წინსვლა ხორციელდება შიდა და დახურული კონკურსების საფუძველზე. კადრების შემოდინება ხორციელდება დაბალ საფეხურზე ღია კონკურსის წესით, შემდეგ კი კარიერული განვითარება და მაღალ პოზიციებზე გადასვლა შიდა ან დახურული კონკურსის საფუძველზე ხდება“, – განაცხადა მაია დვალიშვილმა.
მან ისიც განმარტა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ვრცელდება არც მინისტრის მოადგილეზე, რადგან ეს პოლიტიკური თანამდებობის პირი და არც სიპის დირექტორსა და მის მოადგილეზე. ამ კანონით გაიმიჯნა ვინ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ვინ საჯარო მოხელე.