ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება.
„დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა.
ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება კინცუგის – დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდება.
ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ