საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრი კომპანიებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა

GREDA-მ ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. წევრთა შეკრება თემების ფართო სპექტრის განხილვას ემსახურებოდა, მონაწილეებმა სექტორში არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამართეს დისკუსია.
შეხვედრაზე GREDA-ს ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც USAID Human and Institutional Capacity Development Activity-ს პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ GEC Consulting განახორციელა. ექსპერტების მიერ შეფასდა ასოციაციის საქმიანობა, რომლის საფუძველზეც გაიცა რეკომენდაციები GREDA-ს მდგრადი განვითარებისა და წინსვლისთვის.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე დაეთმო მოწვეული სტუმრების – სადაზღვევო კომპანიის “უნისონი” და საბროკერო კომპანიების Arriba და Acton პრეზენტაციებს. მათ GREDA-ს წევრებისთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პაკეტები წარადგინეს, რომლებიც განახლებადი ენერგიის ობიექტების სადაზღვევო საჭიროებებზეა მორგებული და სექტორს რისკების შესამცირებლად და ინვესტიციების დასაცავად ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
“განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება დღეს პრიორიტეტულ საკითხად დგას ქვეყნის განვითარებისთვის, თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება კი უმნიშვნელოვანესია გამოწვევების დასაძლევად და დარგის მდგრადი განვითარების წარმართვისთვის, მოხარულნი ვართ ჩვენი წევრების პროაქტიკული მონაწილეობით და ამ შეხვედრის დროს გაზიარებული ღირებული შეხედულებებით.
ჩვენი ასოციაციის წევრების, რომლებიც სექტორის ძირითად მოთამაშეებს წარმოადგენენ, დღევანდელი შეკრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ურყევ პოზიციას საქართველოში განახლებადი ენერგიის დღის წესრიგის წინსვლისკენ და შესაბამისად, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას,”- აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.
მსგავსი პერიოდული შეხვედრების საშუალებით, GREDA მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ერთობლივი პლატფორმის შექმნას, რათა განიხილონ განვითარებული საკითხები, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გამოიკვლიონ მაქსიმალური შესაძლებლობები სექტორის წინსვლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ