ოჯახმა და ადვოკატებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი განცხადების შესატანად პირდაპირ საქალაქო სასამართლოდან წავიდნენ, სადაც გრიგორიადისის განაჩენი მისი დაკავებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, დღეს, 12 აპრილს გამოცხადდა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით მიზნად ლაზარეს დისკრედიტაციას ისახავდა.
ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.
ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.
საბოლოოდ, მხარეების დასკვნითი სიტყვები მოსამართლემ 8 აპრილს მოისმინა და გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ გავიდა.