ბიუროკრატია და პოლიტიკა კი არა, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი – პაატა შეშელიძე

„ბიუროკრატია და პოლიტიკა არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ სებ-ის მიერ $500 მლნ-ად 7 ტონა ოქროს შეძენის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ქაღალდის ვალუტების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ლარის სიმყარის უზრუნველსაყოფად მოსაფიქრებელია ახალი ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის ოქრო, რომელიც მიბმულია რეალურ წარმოებასთან და რეალურ ადამიანურ რესურსებთან.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ როგორ მუშაობს ის სისტემა. რატომ უნდა დასჭირდეს ეროვნულ ბანკს რეზერვის შექმნა? ცხადია, ეს უნდა დასჭირდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მიმოქცევაში ლარის გაცვლითი კურსის სიმყარე. თუმცა, ეროვნულ ბანკს გაცხადებული არ აქვს, რომ მისი პოლიტიკური კურსი და ამოცანა არის გაცვლითი კურსის შენარჩუნება. მისი ოფიციალური დავალება, ფასების დონის კონტროლია, რომელიც ტექნიკურად შეუძლებელია და თავს იტყუებენ, თუ ამბობენ, რომ ამას აკეთებენ.
ოქრო მნიშვნელოვანი აქტივია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის სტაბილურობის მისაღწევად. მეტიც, მე ვამტკიცებ, რომ ლარი ოქროზე უნდა იყოს მიბმული და, საერთოდ, ბიუროკრატია და პოლიტიკა არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი. მე მგონია, რომ ამაზე უკვე დაიწყეს ფიქრი, რადგან რამდენიმე გადაწყვეტილება უძღოდა წინ ამ შესყიდვას. რამდენიმე ხანია გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ცდილობენ, რომ გაყიდონ და იყიდონ უცხოური ვალუტა, რომ გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს. მეორე – ამას წინათ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეროვნულმა ბანკმა თვითონ დაიწყო ოქროს ზოდების გაყიდვა. ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია“, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი გაზრდილია, მაგრამ ოქროს ფასი გაიზარდა დოლართან მიმართებაში. თუ შევადარებთ ოქროს და ნავთობის ფასს და ოქროს და ხორბლის ფასს, აღმოვაჩენთ, რომ მათი პროპორციები არ არის მაინც და მაინც შეცვლილი.
„თუ დავაკვირდებით რა მოსდის ქაღალდის ვალუტებს, თუნდაც ამერიკულ დოლარს, ის წლიდან წლამდე უფასურდება. ოქრო გაძვირდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში. თუ შევადარებთ ოქროს და ნავთობის ფასს და ოქროს და ხორბლის ფასს, აღმოვაჩენთ, რომ მათი პროპორციები არ არის მაინც და მაინც შეცვლილი. რაც უფასურდება ეს არის ქაღალდის ვალუტა, რომელიც იბეჭდება პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად. ამერიკული დოლარი მკვეთრად გაუფასურდა ბოლო დროს, ამას ლარი დაუმატეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამერიკულ დოლარზეა მიბმული და ისიც უფასურდება. ამიტომ არის მოსაფიქრებელი ახალი ინსტრუმენტი. ეს არის ოქრო, რომელიც არის მიბმული რეალურ წარმოებასთან და რეალურ ადამიანურ რესურსთან“, – ამბობს პაატა შეშელიძემ.
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი არასწორად მიიჩნევს იმას, რომ ადამიანის ანაზღაურება და ხელფასი მიბმულია ლარზე და ლარის მსყიდველობითი უნარის მანიპულაციის უფლება ეროვნულ ბანკს აქვს. მაშინ როცა „ოქროზე მიბმა ლარის სტაბილურობას გვაძლევს“.
„როგორ ეგუებით იმას, რომ თქვენ ნამუშევრის ანაზღაურება მიბმულია ლარზე და ლარის მსყიდველობითი უნარის მანიპულაციის უფლებას აძლევთ ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია მეტი გამოუშვას, ხან ნაკლები გამოუშვას, ხან გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირებაზე, ხან შეამციროს და თქვენ არასდროს არ იცით რა მოუვა თქვენს ლარს და არ იცით, როგორი მსყიდველობითი უნარი ექნება თქვენს დანაზოგს, თქვენს ხელფასს. ოქროზე მიბმა გვაძლევს ლარის სტაბილურობას.
მე თეორიულად ძალიან მომწონს, რომ ოქრო არის რეზერვში იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მყარია ვიდრე უცხოური ვალუტა, მაგრამ მერე რას გააკეთებენ, იქნება თუ არა ლიკვიდური, იქნება თუა რა ლარი მასზე მიბმული? იქნება თუ არა გადახედილი ის პოლიტიკა, რომელიც ამ მანიპულირების საშუალებას იძლევა? ამ კითხვებს არავინ სვამს.
ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები, ეროვნული ბანკის ფუნქციები რადიკალურად უნდა შეიცვალოს. თუ იყიდეს, მათ უნდა თქვან, რომ ამ ოქროთი ვამყარებთ ლარს და არ დავუშვებთ მის გაუფასურებას. ასევე არ დავუშვებთ, რომ ის გაძვირდეს, თუ არ იქნება რეალური საბაზრო მოთხოვნა. ეს არის ფუნქცია, რომელიც მათ უნდა იტვირთონ, თუ უნდათ რომ საერთოდ არსებობდნენ, თუ არა და საერთოდ ზედმეტია ეს ინსტიტუტი“, – ამბობს პაატა შეშელიძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში „თუ ოქროს სტანდარტი შემოვა, ანუ ოქრო იქნება ლარი, ეროვნულ ბანკს არ ექნება მანიპულირების საშუალება და აღარც დღევანდელი ფუნქციები“.
„ეს ნიშნავს იმას, რომ „შებოჭავ“ მთავრობას, რომ არ ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის, ჩვენთვის ეს კარგია, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის არ არის ხელსაყრელი. პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ეს მანიპულირების ბერკეტი არ არის დასათმობი. ფიქრობენ, რომ რაღაც სირთულისას გამოადგებათ და მეტ ფულს დაბეჭდავენ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ აუცილებელია, რომ ეროვნულ ბანკს მოვთხოვოთ – გვითხრან რას აკეთებენ და მერე – რატომ აკეთებს. რატომ უნდა მიიღონ უზარმაზარი ხელფასები ეროვნულ ბანკში ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს საქმეს აფუჭებენ, კი არ აკეთებენ. მათ გარეშეც ყველაფერი მშვენივრად იქნება“, – აცხადებს პაატა შეშელიძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა $500 მლნ-ად 7 ტონა ოქრო შეიძინა და ამიერიდან ოქრო სავალუტო რეზერვებში დაიკავებს ადგილს. არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს საფასური $2336 რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქროს ფასი 17%-ით გაიზარდა. სებ-ის მონაცემებით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.