მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ჰკითხონ, მისმა შვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად ფული რომ ჩარიცხა, ბრაზილიის პოლიტიკაში აქვს ინტერესები და მაგის გამო ჩარიცხა? – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მისთვის რთულია ლოგიკის დანახვა თუ რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორედ ინიცირება.
„ლოგიკის დაჭერა საკმაოდ რთულია, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შემობრუნება. ამ ყველაფერს მინუსის გარდა „ოცნებისთვის“ არაფერი მოაქვს. ვამბობდი, რომ თუ „ქართული ოცნება“ საოცრებას არ ჩაიდენს შემოდგომაზე, არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, იმდენად სუსტი და დეზორგანიზებული იყო ოპოზიცია. ამ საოცრების ჩადენისკენ ახლა დიდი ნაბიჯებით მიდის „ქართული ოცნება“.
ყველა მუხლი რუსულია. ბატონ მდინარაძეს ვეუბნები, რომ პირველი, კანონის დანიშნულებაა. წაიკითხონ, რას ამბობდა პუტინი 2012 წელს და ნახონ რას ამბობენ ესენი, ერთი-ერთშია.
ამერიკული კანონით, იმისთვის, რომ ორგანიზაცია „ფარა“-ში დარეგისტრირდეს და რეგისტრირებული ლობისტი გახდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელია, გრანტი კი არ უნდა მიიღოს, მან უნდა მიიღოს დაფინანსება და ამასთან ერთად დავალება უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის ან ფიზიკური პირისგან. საქართველოს და რუსულ კანონში კი არანაირი დავალება არ გჭირდება იმისთვის, რომ ვინმე აგენტად გამოგაცხადოს, უბრალოდ დაფინანსების მიღების შემთხვევაში ხარ უცხო ქვეყნის აგენტი.
ეს არის საბჭოურ მენტალობაზე თამაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ადამიანებს არ ესმით, რატომ შეიძლება ადამიანმა ფული დახარჯოს პოლიტიკური ინტერესის გარეშე. მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ჰკითხონ, მისმა შვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად ფული რომ ჩარიცხა, ბრაზილიის პოლიტიკაში აქვს ინტერესები და მაგის გამო ჩარიცხა? – ეს ხომ იდიოტიზმია“,- განაცხადა მელაშვილმა.
ანალიტიკოსმა განმარტა, რატომ არის იდენტური ქართული და რუსული კანონპროექტები.
მელაშვილმა სამ მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ორივე კანონი იდენტურია აგენტის სტატუსის მინიჭების, პროცედურების და შედეგების თვალსაზრისით.
„ამერიკის კანონში პირდაპირ წერია, რომ დავალება უნდა გქონდეს მიღებული, რომ შენ დამქირავებელს რაღაც შეუსრულო. ქართულ და რუსულ კანონში ამასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი წერია. წერია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით რომ მიიღო დაფინანსება – დემოგრაფიის პრობლემის შესწავლა იქნება თუ ხე-ტყის, უკვე აგენტი ხარ. ეს მეორე მსგავსება.
მესამე მსგავსება არის ის, თუ როგორ გენიჭება აგენტის სტატუსი. ქართულ და რუსულ კანონში, იდენტურად სახელმწიფო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას. ამერიკაში არის სხვანაირად, თუ არ დარეგისტრირდი და მთავრობამ ჩათვალა, რომ შენ ვიღაცის აგენტი ხარ და ვიღაცის დავალებას ასრულებ, ფარამ ამერიკის პროკურორისაგან უნდა მიიღოს თანხმობა, რომ საქმე აღძრას, შემდეგ სასამართლოში წავიდეს და სასამართლოში მისი დასამტკიცებელია, რომ ეს ორგანიზაცია ვიღაცის დავალებით მოქმედებს. მთელი პროცედურაა. ამერიკაში პოლიტიკური ორგანო ვერ იღებს გადაწყვეტილებას.
ქართულ და რუსულ კანონში იუსტიციის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ შენ უნდა ამტკიცო, რომ არ ხარ აგენტი.
მეტი რა მსგავსება უნდა იყოს? რუსულ ენაზე უნდა იყოს დაწერილი და რუსული ხელმოწერა უნდა ჰქონდეს? რუსულია მისი დანიშნულება, მექანიზმი და შედეგებიც რუსული იქნება“,- განაცხადა მელაშვილმა.