ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა – ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.
მიქანაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ ამბობს ამ ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა.
“ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა. ადამიანი თვითონ იძახის ამ ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა ამისი შესაძლებლობა და მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს. ამის ფონზე, ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარეზე, ადამიანზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, [ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში] გამოვედით პანდემიიდან, ორნიშნა ციფრით გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, შევინარჩუნეთ მშვიდობა ქვეყანაში და უამრავი სხვა პოზიტივი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს, მიზანი აქვთ, რომ როგორღაც დააზიანონ, იმიტომ, რომ არ აწყობთ იმ სიკეთეების დანახვა ადამიანთან მიმართებაში, რაც მის საქმიანობას უკავშირდება. ამიტომ ახლა ამოღებული ჰყავთ მიზნად და თითქოს რაღაც აღმოაჩინეს.
ოჯახს არ შეიძლება ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრს მხარი დაუჭიროს? მაგრამ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა”, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.