იმედი გვაქვს, რეგლამენტის შესაბამისად, უპრობლემოდ შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საჭიროა ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი მართლა მექრთამეები არიან თუ არა.
„გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენ. ყველგან უნდა იყოს ხარჯები გამჭვირვალე. არასამთავრობო სექტორში არის ზედმიწევნით გამჭვირვალე, როგორც არ უნდა თავს იტყუებდეს ახლა „ქართული ოცნება“, გაუმჭვირვალე თუ რამე არის, ეს არის მთავრობა და მთავრობის წევრების შემოსავლები. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ჭორებს, მითქმა-მოთქმას და მხოლოდ ვარაუდებს ვეყრდნობოდეთ, ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ახლა ვაინიცირებთ საგამოძიებო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის შესაძლო დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ კვალიფიციურად წარიმართოს ეს პროცესი, გავხადოთ ყველაფერი გამჭვირვალე და გავიგოთ, ღარიბაშვილი და მისი ოჯახი მართლა მექრთამეები არიან თუ არა. „ქართული ოცნება“, რომელიც ახლა ყელმოღერებული ამბობს, რომ ისინი გამჭვირვალობაზე ოცნებობენ მხოლოდ და მხოლოდ, იმედი მაქვს, ადრინდელივით სასაცილოდ არ მოიქცევიან და კვორუმს არ ჩააგდებენ. ამ შემთხვევაში ძალიან მკაფიო და გასაგები იქნება, რომ სინამდვილეში ისინი არანაირი გამჭვირვალობის მომხრე არ არიან და ხელს დააფარებენ კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც 2-ჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი თანამდებობები ეკავა და ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. იმედი გვაქვს, რეგლამენტის შესაბამისად, უპრობლემოდ შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ელისაშვილმა.