ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით “ქართველი ახალგაზრდების დაცვის” აქტი წარადგინა.
“პარტია ლელო გამოდის ინიციატივით, რომელსაც “ქართველი ახალგაზრდების დაცვის” აქტი ჰქვია. ეს აქტი 3 ძირითად პუნქტს მოიცავს:
· ჩვენ ნარკოტიკებით მოვაჭრეების, მათი მწარმოებლების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას დავიწყებთ. ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, ვინც ამ დანაშაულს ხელს უწყობს და მასში ჩართულია.
· ნარკოდამოკიდებულების საკითხზე ყველა თანამდებობის პირს განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობასა და კონტროლს დავუწესებთ – შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 1-ლი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ის პარლამენტის წევრობის კანდიდატს ნარკოტესტის გავლას არ ავალდებულებს.
· ნარკომომხმარებლების, ანუ იმ ადამიანების, ვინც ნარკოტიკებს მხოლოდ მოიხმარს, სასტიკად დასჯისა და მათი ბედის ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად, ჩვენ მათ მიმართ შემწყნარებლები ვიქნებით. ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ და მთელ ძალისხმევას რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე მივმართავთ”. – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოში შემოსულმა რუსებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები შემოიტანეს, რაც მისივე თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია.
“როგორ შეიძლება, რომ ნარკოტიკების ასეთი ტრაფიკი მიმდინარეობდეს და ამაში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი ჩართული არ იყოს? ეს არის დაფარული, წახალისებული და გადაჯაჭვული სისტემა, რომელიც ჩვენს მომავალს, ახალგაზრდობას სიკვდილს უქადის”. – ამბობს ხაზარაძე.