ჯეიმს ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების ხიფათს ქმნის. ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ო’ბრაიენი X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების გამო.
8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. ამასთან, მან თქვა, რომ ჯერ არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში ასევე დაარეგისტრირა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია ასევე, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ასევე დაგაინტერესებთ