„ეკოფერმა“ თვეში 40 ტონამდე პროდუქციას ყიდის

„ეკოფერმა“ 2023 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და ამჟამად 35 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებს. მისმა საწყისმა კაპიტალმა 200 000 დოლარი შეადგინა.
„ეკოფერმას“ დამფუძნებლის, დავით ჯანელიძეს თქმით, მეურნეობა ვარციხეშია გაშენებული, სადაც მწვანილები მოჰყავთ. სარეალიზაციო პროდუქციის ნაწილი კი იმპორტირებულია თურქეთიდან და ჰოლანდიიდან.
„ეკოფერმა 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ძირითადი მიზანია ქართული ქსელური მარკეტების მომარაგება ხილითა და ბოსტნეულით, რომელიც არის როგორც იმპორტირებული, ასევე ქართული. (ძირითადი აქცენტი მაინც ქართულ პროდუქციაზე გვაქვს გაკეთებული).
ჩვენი მეურნეობა ვარციხეში მდებარეობს და 2ჰა-ზეა გაშენებული. ძირითადად მოგვყავს მწვანილები (ქინძი, ოხრახუში, კამა, სალათები). პროდუქციის ნაწილი იმპორტის გზით შემოგვაქვს.
ისეთი პროდუქციის იმპორტს ვახორციელებთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად დეფიციტშია. (ბულგარულები და არასეზონურ პერიოდში პომიდორიც და კიტრიც). იმპორტი თურქეთიდან და ჰოლანდიიდან ხდება“.
როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, „ეკოფერმა“ 4 ქსელურ მარკეტს ამარაგებს და თვიურად 30-40 ტონა პროდუქცია რეალიზდება.
„ამჟამად, 25 დასახელების პროდუქცია გვაქვს. ვამარაგებთ 4 ქსელურ მარკეტს: ნიკორას, კარფურს, გუდვილს და ფრესკოს. თვეში დაახლოებით 30-40 ტონა პროდუქცია რეალიზდება. მოთხოვნის მხრივ კი, ეგზოტიკური ბოსტნეული გამოირჩევა.
ვარციხის სათბურებში წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის გასუფთავება, შეფუთვა და სარეალიზაციოდ გამზადება თბილისში არსებულ საწარმოში ხდება“.
დავით ჯანელიძის თქმით, კომპანია გეგმავს ყველა ქსელური მარკეტის დივერსიფიცირებას და წარმოების გაზრდას.
„ვაპირებთ ყველა ქსელური მარკეტის დივერსიფიცირებას და ვფიქრობთ, რომ წარმოებაც უნდა გავზარდოთ. ასორტიმენტში ვაპირებთ სეზონური ხილ-ბოსტნეულის დამატებასაც.
ასევე, გვყავს პარტნიორი ფერმერები, ადგილობრივ ბაზარზე, რომლებსაც ვაპირებთ ხელი შევუწყოთ მეურნეობის გაფართოებაში და შემოვატანინოთ ისეთი ახალი კულტურები, რაც საქართველოში არ გვაქვს და რეალურად გვჭირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ