ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტამდე თურქეთი ისრაელში საქონლის ექსპორტს ზღუდავს

თურქეთი ისრაელში მთელი რიგი საქონლის ექსპორტს მანამდე შეზღუდავს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა არ გამოცხადდება, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.
შეზღუდვები შეეხება 54 სხვადასხვა კატეგორიის საქონელს, მათ შორის რკინას,
მარმარილოს, ფოლადს, ცემენტს, ალუმინს, აგურს, სასუქებს, სამშენებლო ტექნიკას და საავიაციო საწვავს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ისრაელმა უარყო ანკარის თხოვნა, მონაწილეობა მიეღო ღაზის სექტორისთვის საჰაერო გზით ჰუმანიტარულ დახმარებაში. თურქეთის ეს შეზღუდვები 9 აპრილს შედის ძალაში.
“ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს მანამ, სანამ , საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, სასწრაფოდ არ გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში და არ დაუშვებს საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას”, – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთმა დაგმო ისრაელის ოპერაცია ღაზის სექტორში, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ჰამასი აღიარებულია, როგორც ტერორისტული ჯგუფი.
Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად დაგმობისა, ანკარამ ისრაელთან კომერციული კავშირების შენარჩუნება განაგრძო, რამაც ქვეყნის შიგნით უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. შაბათს პოლიციამ სტამბოლში ათობით მომიტინგე დააკავა. ისინი ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
ისრაელზე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ომის დასასრულებლად. ისრაელის მთავარმა მოკავშირემ, -მა, გასულ კვირაში მოითხოვა საზავო და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებების მიღწევა. ისრაელმა 7 აპრილს ღაზის სექტორის სამხრეთიდან სამხედროთა ნაწილი გაიყვანა.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის თავდასხმამ ისრაელზე ექვსი თვის წინათ, 7 ოქტომბერს, რასაც, ისრაელის განცხადებით, შეეწირა 1200 ადამიანი, მძევლად წაიყვანეს 253 პირი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან ღაზაში საპასუხო ომს ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი პალესტინელი.