“₾10-მილიონიანი ინვესტიციით A კლასის საწყობი გავხსენით” – რას გეგმავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრი?

„თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა“, 10 მილიონი ლარის ინვესტიციით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან (გეზ) ახალი A კლასის საბაჟო საწყობი გახსნა.
როგორც „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ დირექტორმა, არჩილ წერეთელმა BMG-ს უთხრა, კომპანიის გეგმებში 3 საწყობის აშენება შედის. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია.
„უკვე ავაშენეთ A კლასის თანამედროვე საბაჟო საწყობი, რომელიც ერთი თვის წინ გაეშვა და კიდევ ვაპირებთ 3 დიდი საწყობის აშენებას გეზ-თან, ლილოში. ზაფხულისთვის დავიწყებთ მეორეს მშენებლობას, შემდეგ ახალი მიყვება. დაახლოებით 6 თვეში ერთხელ ვაპირებთ ავაშენოთ. თითოეული საწყობის ინვესტიცია სავარაუდოდ 10 მილიონი ლარი იქნება“, – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ 4 წელია ოპერირებს და მომხმარებლებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.