შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა.
ინფორმაციის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირებზე გაამახვილა.
„მხარეებმა ისაუბრეს ორივე რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ვაჭრობის “შუა დერეფნის” პოტენციალის რეალიზებისთვის. ამავე კონტექსტში მიმოიხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული, საჰაერო-სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა და პროექტები.
აგრეთვე, განიხილეს საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.
შეხვედრა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა