„საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც“- მაია მელიქიძე

„საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც“- მაია მელიქიძე
„საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც.“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი ახალაშენებული ბიზნესი, ნებისმიერი მრავალბინიანი კორპუსი და ნებისმიერი სიახლე პირდაპირ მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას ნიშნავს.
„ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაში დევს ელექტროენერგიის წილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელები დავიკაპიწოთ და აუცილებლად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის განვითარებას. წინა კვირაში გაჟღერდა მეორე CFD აუქციონის შედეგები, აუქციონი გამოცხადებული იყო 800 მეგავატზე და კერძო სექტორიდან განაცხადი შემოვიდა 1900 მეგავატზე მეტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი მზად არის ააშენოს უფრო მეტი გენერაციის ობიექტი.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი ელექტროენერგია, დამოკიდებული ვხდებით მეზობელ რუსეთზე, ვინაიდან მას აქვს ჭარბი ელექტროენერგია. რასაკვირველია, ჩვენ გრაფიკზე ვერ გადავალთ და რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელიც მუდმივ რეჟიმში ჩვენგან ითხოვს ელექტროენერგიას. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების გამრავლება და ყველა იმ პროექტის დასრულება, რომელიც წლების მანძილზე გაჩერებული იყო.“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მელიქიძის თქმით სამივე – ჰიდრო, ქარის და მზის მიმართულებით უნდა განახლდეს მუშაობა, ხოლო რაც შეეხება ბიოს მაია მელიქიძე აღნიშნავს, რომ მწვანე წყალბადი და ზღვის ტალღების ენერგია მომავლის თემაა და დღეს მნიშვნელოვანია ნამოხვანი, ნენსკრა და ხუდონის ობიექტები.
„გრედას“ აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს შემდეგს; ის თანხა, რომელსაც ესა თუ ის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი ქონების გადასახადის სახით გადაიხდის, დაუბრუნდეს იმავე ზემოქმედების არეალში მცხოვრებ ადამიანებს, ამაში ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გვჭირდება.
გამოკვეთა ტარიფი, რომელიც არის კრიტიკული და ამ ტარიფით ინვესტორები ინვესტირებულ თანხას ვერ ამოიღებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაიდო დასკვნა, რომ ის პროექტები, რომლებიც გაჩერებული იყო, ან ვერ აშენდა, უნდა აშენდეს და მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ენერგეტიკა მომხიბვლელი სექტორია, სადაც შეიძლება თანხის დაბანდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გავხდეთ კორიდორი, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი ზღვის კაბელის აშენებით ისარგებლებენ მხოლოდ სხვა ქვეყნები.“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მელიქიძე განმარტავს, რომ ამ ნაწილში ინვესტიციების გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდება, მისივე თქმით მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო კონკრეტულ ობიქეტს აშენებს და შემდეგ ყიდის, მაია მელიქიძე სამი მსხვილი ჰესის, ხუდონის, ნენსკრას და ნამოხვან ჰესების აშენებას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„ხშირად მეუბნებიან არგუმენტს, რომ განვითარებულმა სამყარომ მორატორიუმი გამოაცხადა მსხვილი პროექტების აშენებასთან დაკავშირებით, გამოაცხადა იმიტომ, რომ იქ ასაშენებელი აღარაფერია, ჩვენ სამი ჰესი დაგვრჩა ასაშენებელი და შემდეგ ჩვენც შეგვეძლება იგივეს თქმა. ინვესტიციების თვალსაზრისით მოხარული ვარ, რომ ქართველები აქტიურობენ და სხვადასხვა უცხოელ ინვესტორთან პარტნიორობას ცდილობენ.“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.