ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა და პოლიცია, პერიმეტრი გადაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა „საქართველოს ფოსტის” საკუთრებაშია. “საქართველოს ფოსტა” ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მხოლოდ ნაწილშია განთავსებული. ხანძარი შენობის მეორე სართულზე, რომელიც წლებია უფუნქციოა, პირველად 3 აპრილს გაჩნდა.
ორსართულიანი შენობა, სადაც “საქართველოს ფოსტაა” განთავსებული, წლებია ამორტიზებულია.
1900- იან წლებში აგებულ შენობას, სადაც ადრე კავშირგაბმულობის სამსახური ფუნქციონირებდა, სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა, განახლდა ფასადი. შენობას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართიც მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცრისფრად შეღებეს. მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2008 წელს შეიტანეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მუხლს არ აკონკრეტებენ.
