ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეზღუდოს მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებების შესრულების სიჩქარე. შესაბამისად, რესპუბლიკაში მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება 80-116 დარტყმას წუთში (BPM). ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა „გროზნი-ინფორმი“ რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მუსა დადაევზე დაყრდნობით იტყობინება.
ეს გადაწყვეტილება ჩეჩნეთში შემოქმედებითი ჯგუფების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის თანხმობით, მიიღეს. თუმცა, არ დაკონკრეტებულა, ეს შეზღუდვები მხოლოდ ადგილობრივი ავტორების ნამუშევრებს შეეხება თუ ჩეჩნეთში შესრულებულ ყველა მუსიკას.
რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ კადიროვის დავალებით „მიმდინარეობს უზარმაზარი სამუშაო ჩეჩნური მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებების ჩეჩნურ მენტალიტეტთან და შესრულებული ნაწარმოებების მუსიკალურ რიტმთან შესაბამისობის საკითხზე. “

ასევე დაგაინტერესებთ