დღეს, 6 აპრილს, ათობით ათასმა ადამიანმა უნგრეთში ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მასობრივ დემონსტრაციას წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პიტერ მაგიარი უძღოდა, რომელიც მანამდე ორბანის ადმინისტრაციასთან იყო დაახლოებული, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყნის პრემიერის დასამარცხებლად პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს და ვიქტორ ორბანს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. იგივე შინაარსის დემონსტრაცია უნგრეთის დედაქალაქში 26 მარტსაც გაიმართა.
პიტერ მაგიარმა 26 მარტს ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილ ცოლსა და უნგრეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იუდით ვარგას ესაუბრება. ჩანაწერში ვარგა ორბანის შტაბის უფროსის თანაშემწეების მიერ კორუფციის საქმიდან ზოგიერთი ნაწილის ამოშლის მცდელობას აღწერს.
კორუფციის საქმე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ სახელმწიფო მდივანს პალ ვოლნერს ეხება, რომელსაც 2022 წელს სასამართლოს საქმეთა მწარმოებლების ყოფილი უფროსის, გიორგი სშადლისგან ქრთამების აღებაში დასდეს ბრალი. ორივე მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო პროკურატურა ორივესთვის ციხეს ითხოვს.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ “პროკურატურის დოკუმენტებში ჩარევა ან მათი განადგურება ფიზიკურად და ლეგალურად შეუძლებელია”.
პიტერ მაგიარმა, რომელიც ორბანის დასამარცხებლად ახალი პარტიის შექმნას გეგმავს, ჩანაწერი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. მასში ვარგა ამბობს, რომ ორბანის კაბინეტის მინისტრმა ანტალ როგანმა პროკურორებს შესთავაზა, თუ რომელი დოკუმენტები უნდა წაშლილიყო ზემოხსენებული კორუფციის საქმიდან.
“მათ [ორბანის თანაშემწეებმა] პროკურორებს უთხრეს, თუ რა უნდა წაშლილიყო, მაგრამ [პროკურორებს] ეს არ შეუსრულებიათ”. – ამბობს ვარგა ჩანაწერში.
ვარგა გავრცელებულ ჩანაწერს Facebook-ზე გამოეხმაურა: “პიტერ მაგიარმა ჩვენს სახლში ყოფილი მეუღლის, ჩემი, ფარული ჩანაწერი გააკეთა, და ახლა იგი ამას [ჩანაწერს] საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. იგი არავის ნდობის ღირსი არაა”. – თქვა მან პოსტში. ამას გარდა, ვარგამ მაგიარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ჩანაწერში მოსმენილი განცხადებები იძულების ქვეშ გააკეთა, თუმცა, არ უარყო, რომ ჩანაწერში მისი ხმა ისმოდა.