პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კალესნიკავა გავრცელებული ცნობებით წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში უკანონოდაა მოთავსებული სამარტოო საკანში, მას კონტაქტი არ ჰქონია თავისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან – რის გამოც მისმა ახლობლებმა არ იციან როგორია კალესნიკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ.
კალესნიკავა 2020 წელს გახდა ერთ-ერთი ლიდერი საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებიც იმართებოდა ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. 2021 წლის სექტემბერში მას 11 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.
წელიწადზე მეტია კალესნიკავას შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა – უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბელარუსის მთავრობის მხრიდან შურისძიების საფრთხის გამო. წყაროების თქმით, ოპოზიციონერი წელიწადზე მეტი დროის წინ მოათავსეს სამარტოო საკანში – რაც არის დარღვევა ბელარუსის კანონებისა, რომელთა თანახმადაც სამარტოო საკანში პირმა მაქსიმუმ ექვსი თვე შეიძლება დაჰყოს.