უპატრონო მკვდრები, მოკლე ვარცხნილობა და პოპკორნი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკას უჭირს

რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ქვეყანაში უპატრონო მიცვალებულების რაოდენობის, მოკლე ვარცხნილობის და პოპკორნზე მოთხოვნის ზრდა. როგორც euronews წერს, ამ მაჩვენებლებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ეკონომიკის ჯანმრთელობაზე და საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე.
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს ყველაზე გავრცელებულ ტერმინებზე – როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), საგადასახდელო ბალანსი, საპროცენტო განაკვეთები ან გაცვლითი კურსი. მაგრამ იცოდით, რომ არსებობს სხვა ნაკლებად ცნობილი ინდიკატორები, რომლებიც ბევრს გეტყვით ეკონომიკაზე?
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები ინდიკატორები, უპირველეს ყოვლისა, მაკროეკონომიკური მდგომარეობის სარკეა, ნაკლებად ცნობილი პარამეტრები უკეთ ასახავს ტენდენციებსა და მომხმარებელთა განწყობას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ყველაზე უჩვეულო ეკონომიკური მაჩვენებელი.
უპატრონო გვამის მაჩვენებელი
უპატრონო გვამების მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ ფინანსური გაჭირვების დროს გარდაცვლილის ახლობლები ამჯობინებენ დაზოგონ ფული დაკრძალვაზე და დაკრძალვის ორგანიზება სახელმწიფოს ანდონ.
შესაბამისად, რაც უფრო მეტი უპატრონო მკვდარია მორგებში, მით უფრო ბნელია ეკონომიკური პერსპექტივა. 2009 წელს, ფინანსური კრიზისის მწვერვალზე, როდესაც მკვეთრად გაიზარდა თანამდებობიდან გათავისუფლებულთა რიცხვი, ამერიკულ ქალაქებში, მაგალითად, დეტროიტსა და ლოს ანჯელესში, გაიზარდა უპატრონო გვამების რაოდენობა.
მეტი ფილმი და პოპკორნი!
რაც უფრო ცუდია ეკონომიკა, მით უკეთესია კინოთეატრებში პოპკორნის გაყიდვა. ამ ტენდენციას რამდენიმე ქვეყანა აღნიშნავს. ახსნა მარტივია: კრიზისის დროს უფრო მეტი ადამიანი ირჩევს კინოს ყოველდღიური საზრუნავისა და ფინანსური შფოთვებისგან თავის დაღწევისთვის.
ამერიკის კინემატოგრაფიის ასოციაციის თანახმად, კინოთეატრის ბილეთების გაყიდვები გაიზარდა 1981-82 და 1973-74 წლების რეცესიის დროს.
ალიგატორის პოპულაციის მაჩვენებელი
ალიგატორის პოპულაციის ინდიკატორი მიანიშნებს, რომ კრიზისის დროს ნაკლები მდიდარი ადამიანი ხარჯავს თანხას ფუფუნების ნივთებზე, როგორიცაა ნიანგის ტყავის ჩანთები, ფეხსაცმელი ან საათები. შედეგად, ამ ცხოველების ფერმერული პოპულაციები მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ისინი ტრადიციულად უხვადაა, როგორიცაა ამერიკის შტატები – ლუიზიანა, ფლორიდა, ტეხასი და ჯორჯია
2008-2009 წლების რეცესიის დროს მსხვილმა მოდის დიზაინერებმა, მათ შორის ჰერმესმა, შეერთებულ შტატებში იყიდეს ტყავის რამდენიმე ქარხანა ალიგატორის სელექციონერებისგან მიწოდებული მასალების დასამუშავებლად, რამაც გამოიწვია დეფიციტი ძვირად ღირებული ფეხსაცმლისა და ჩანთების სექტორში. ზოგიერთმა დიზაინერმა საბოლოოდ გადაწყვიტა, საერთოდ შეეჩერებინა ალიგატორის ტყავის პროდუქტების წარმოება, რამაც გამოიწვია მისი პოპულაციის ზრდის ახალი რაუნდი.
კოღოს ნაკბენის მაჩვენებელი
ინდიკატორი გვიჩვენებს, თუ როგორ იზრდება ცარიელი და მოუწესრიგებელი სახლების რაოდენობა, იზრდება კოღოების პოპულაციაც (დამდგარი ტბორებისა და გაუთიბავი ბალახის გამო). 2023 წლის ნოემბერში ინგლისსა და უელსში 261 189 ცარიელი სახლი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12 556-ით მეტია. ამ ტენდენციის პარალელური ნიშანი იყო კოღოების პოპულაციის ზრდა.
პირველი პაემნის ინდიკატორი
პირველი პაემნის ინდიკატორი არის ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნის დროს ადამიანები უფრო მეტად ეპატიჟებიან სხვებს პაემანზე, რადგან მეტად მარტოსულად და მშფოთვარედ გრძნობენ თავს.
2008 წელს ონლაინ გაცნობის საიტ Match.com-ს ჰქონდა ყველაზე მომგებიანი მეოთხე კვარტალი, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
გაცნობის სხვა სერვისმა, როგორიცაა Amy Laurent International, განაცხადა, რომ 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე, გაცნობის ბაზარზე ქალების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.
„ეკონომიკური გაურკვევლობის დროს, როდესაც ადამიანები გადააფასებენ თავიანთ პრიორიტეტებს, მათ არ სურთ ცხოვრება მარტომ გაიარონ,” – განუცხადა New York Times-ს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა პეპერ შვარცმა. „როცა არ ხარ დარწმუნებული, რას ელოდები, სიყვარული კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.“
ეკონომიკური ვარდნის დროს ადამიანები ნაკლებად ხარჯავენ ფულს ბარებში სიარულისთვის ან სოციალურ ღონისძიებებზე, რათა შეხვდნენ ადამიანებს „რეალურ ცხოვრებაში“. ეს ტენდენცია იწვევს სპეციალიზებული აპებისა და ვებსაიტების კიდევ უფრო აქტიურ გამოყენებას. ისინი, როგორც წესი, იაფია და პოტენციური პარტნიორების არჩევანი გაცილებით ფართოა.
თმის შეჭრის დრო
იაპონური თმის შეჭრის ინდიკატორი აჩვენებს, რომ ადგილობრივი ქალები გრძელ თმას ატარებენ, როცა ეკონომიკა იზრდება და მოკლეს, როცა კრიზისია. მაგალითად, როდესაც ქვეყანა 1990-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, უფრო და უფრო მეტმა ქალმა დაიწყო მოკლე ვარცხნილობის არჩევა. ფენომენი განმეორდა 2008-2009 წლების რეცესიის დროსაც.
ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თმის მოვლა აღიქმება, როგორც ფუფუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანხები შეკვეცილია, რაც იწვევს პრეფერენციების შეცვლას.
„იარაღიდან ხიზილალამდე“
Guns to Caviar Index ზომავს ფულის ოდენობას, რომელსაც მთავრობები ხარჯავენ სამხედრო თვითმფრინავებზე („იარაღზე“) იმასთან შედარებით, თუ რამდენს ხარჯავს მსოფლიო ელიტა კერძო თვითმფრინავებზე („ხიზილალაზე“). ეს თანაფარდობა გვეხმარება ნათელი მოჰფინოს გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდებს, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება და შედარებით გლობალური სიმშვიდის პერიოდებს, როდესაც მდიდრებს შეუძლიათ დახარჯონ დაუთვლელად.
ამრიგად, 1980-იანი წლების ბოლოს, Guns to Caviar Index-მა მკვეთრი ნახტომი გააკეთა, ცივი ომის დროს მოიერიშე თვითმფრინავების მაღალი ხარჯების გამო. ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში კი დაეცა სამომხმარებლო ბუმისა და გლობალური ეკონომიკური სიმშვიდის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს ძალიან სანდო თვითმფრინავების შეკვეთების განთავსებასა და მიწოდების რეალურ ვადებს შორის დროის სხვაობის გამო.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.