პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ იმ დღეს, როცა ანალოგიური კანონი ყირგიზეთმა მიიღო, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილ კურიერს შეხვდა და იმავე საღამოს, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნა.
სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში “ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს”. სააკაშვილის თქმით, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია.
“სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო.
ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული – ესეც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გასაგონად.
მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად.
აი, ივანიშვილისთვის კი, ეს უდიდესი რისკია. მას იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას. ეს მისთვის სწორედაც რომ ქართული საზოგადოების დაჩმორების კანონია.
უნდა გვესმოდეს და ვემზადოთ იმისთვის, რომ ამჯერად ივანიშვილი ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს, ვინაიდან ეს მისთვის გენერალური ბრძოლაა, ეს კი უკიდურეს არეულობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა გავატანინოთ კანონი და არ უნდა ავარევინოთ.
ახლა ხანდახან მესმის მოტივი – “მიუხედავად იმისა, გაიტანს კანონს თუ არა, მაინც არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი”. აქ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის თავიდან აიცილებს ელექტორალურ რევოლუციას, ვინაიდან საზოგადოება უკვე დემოტივირებული იქნება.
სწორედ ამიტომ, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.