ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივი წერილით აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „უცხოეთის აგენტების“ კანონს.
განცხადების ავტორები – ევროკავშირის 10 ქვეყნის, ასევე, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო კომიტეტთა ხელძღვანელები „ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებენ „თავისი შინაარსით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის ზუსტ ასლს“.
ისინი გამოხატავენ „ღრმა შეშფოთებას“ „ამ რუსული სტილის კანონის მიზნების გამო“, კანონისა, რომელიც, მათი განცხადების თანახმად, „შემუშავებულია საქართველოს ენერგიული პრო-დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზების და დასასუტების მიზნით“.
კომიტეტთა თავმჯდომარეების განცხადებით, კანონის ხელახლა ინიციირება „სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს“.
მათი შეფასებით, ინიციატივა „აგრესიული ნაბიჯია საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ“.
ისინი ქვეყანას შეახსენებენ, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ იგი განახორციელებს 12 ნაბიჯს, რაც ევროკომისიის ანგარიშშია განსაზღვრული, რათა გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს, – ხოლო ამ დროისთვის მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული“.
„ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად ოპერირება უნდა შეეძლოს, პირველი ნაბიჯი კი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას“.
„მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რამეთუ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ნაკისრ ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი“, – წერია განცხადებაში.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს სიმწიფესა და მონდომებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, ხელმძღვანელობს ღირებულებებით დასავლური ლიბერალური დემოკრატია. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას.
განცხადების ავტორები არიან:
· გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა, ალიშა კერნზი;
· დანიის ფოლკეტინგი, მიხაელ აასტრუპ იენსენი;
· ესტონეთის რიიგიკოგუ, მარკო მიკელსონო;
· საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, ჟან ლუი ბურლანჟი;
· გერმანიის ბუნდესტაგი, მიხაელ როთი;
· ირლანდიის ოირიახტასი, ჩარლი ფელეგანი;
· იტალიის დეპუტატთა პალატა, ჯულიო ტრემონტი;
· ლატვიის სეიმი, რიჰარდ კოლსი;
· ლიეტუვის სეიმი, ჟიგიმანტას პავილიონისი;
· პოლონეთის სენატი, ბოგდან კლიჩი;
· ნორვეგიის სტორთინგი, ინე ერიკსენ სორეიდე;
· ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის, სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კოიმტეტის თავმჯდომარეები, მარეკ ზენიშეკი და პაველ ფიშერი.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას.
ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები – შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, – პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი.
ევროკავშირი იხსენებს მთავრობისა და მმართველი გუნდის მაშინდელ დაპირებას, რომ მსგავს კანონს არ მიიღებდნენ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს იგი, „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული ამბიციები დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე – ივნისის ბოლო პარასკევამდე – მიღებას გეგმავს.