რა განსხვავებებია მცირე, მიკრო და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში – „კომერსანტის დილა“, ისაუბრა თუ რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მცირე, მიკრო და ინდივიდუალური მეწარმეები.
მისი თქმით, ინდივიდუალურ მეწარმე ფართო ცნებაა.
„ინდივიდუალურ მეწარმე – ესაა იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მას აქვს ის თავისებურება, რომ შეუძლია სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ოჯახისწევრებთან ერთად და ჰყავდეს დასაქმებული სხვა პიროვნებებიც.
ასევე, ის არ არის შეზღუდული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ აქვს ეკონომიკური შემოსავლის ზედა ზღვარი, როგორიც აქვს მცირე მეწარმეს ან მიკრო მეწარმეს.
ყველაზე მთავარი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს საშემოსავლოს სახით 20%-ის გადახდა უწევს სახელმწიფოსთვის“.
როგორც იურისტმა აღნიშნა, მცირე მეწარმე გარკვეულწილად უფრო მარტივი ფორმა ინდივიდუალური მეწარმისა, რომელიც საწყის ეტაპზე რეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შემდეგ უკვე შემოსავლების სამსახურში.
„მცირე მეწარმე- ესაა, გარკვეულწილად უფრო მარტივი ფორმა ინდივიდუალური მეწარმისა, რომელიც ასევე რეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შემდეგ, უკვე უნდა დავარეგისტრიროთ შემოსავლების სამსახურში.
ის სახელმწიფოს უხდის შემოსავლების 1%-ს, მაგრამ შეზღუდვა აქვს ის, რომ მისი ეკონომიკური შემოსავალი ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
ჩვენ ვიცით, რომ დღგ-ს გადახდა კონკრეტულ ეკონომიკურ სუბიექტს უწევს მას შემდეგ, რაც მისი ბრუნვა გადაცდება 100 000 ლარს. მართალია, მცირე მეწარმეს აქვს იმის საშუალება, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰქონდეს 500 000 ლარზე ნაკლები ბრუნვა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც კი გადასცდება ის 100 000 ლარს, აუცილებელია, დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. ამ შემთხვევაში, მცირე მეწარმეს წარმოეშობა 2 ტიპის გადასახადი : დღგ-ს გადასახადი და 1%-იანი საშემოსავლოს გადასახადი.
მცირე მეწარმეს, ინდივიდუალური მეწარმისგან განსხვავებით, აქვს შეზღუდული საქმიანობის სფეროები და არ აქვთ უფლება, აწარმოოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით ნებადართულია (თუმცა, ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს ამის უფლება – აწარმოოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით ნებადართულია)“.
სამოქალაქო უფლებების სპეციალისტის თმით, მიკრო მეწარმე – ესაა, ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირდება.
„მიკრო მეწარმე – ეს არაა იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმის ქოლგის ქვეშ მყოფი სუბიექტი. ესაა, ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირდება.
აქაც უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი, რომ მისი ბოლო 12 თვის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს და ყველაზე მთავარი, უნდა მოღვაწეობდეს თავის საქმიანობაში ერთპიროვნულად. მას არ აქვს უფლება, რომ ჰყავდეს სხვა ტიპის დასაქმებული. ასევე, მიკრო მეწარმეც გარკვეულ საქმიანობებში შეზღუდულია“.
გვანცა ჟორჟოლიანმა ასე იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რაც სამივე ტიპის მეწარმეს წარმოექმნება.
„სახელმწიფომ და კანონმდებლობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. (ანუ, რა შემთხვევაში ვერ დარეგისტრირდებიან მცირე ან მიკრო მეწარმედ.)
პირველი, თუ ეხება საქმიანობა ლიცენზიის ან ნებართვების აღებას, ამ შემთხვევაში მცირე და მიკრო მეწარმედ ვერ დარეგისტრირდებიან. ასევე, ვერ დარეგისტრირდებიან, როდესაც საქმიანობა, გულისხმობს არქიტექტურულ, საადვოკატო, სანოტარო, სამედიცინო მომსახურებებს, სავალუტო ოპერაციებს, სათამაშო ბიზნესს და იმ საქმიანობებს, რომელიც აღემატება 500 000 ლარს ერთ შემთხვევაში და მეორე, 30 000 ლარს.
სხვა შემთხვევაში, მაგ: სანტექნიკური მომსახურება, ელექტრო მომსახურება, მარკეტინგი, და ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის მთავრობის 415-ე დადგენილებით შეზღუდული, მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მცირე ან მიკრო მეწარმედ“.
გვანცა ჟორჟოლიანმა, რადიო „კომერსანტის“ მსმენელების კითხვებსაც უპასუხა:
· მცირე მეწარმედ რომ დავრეგისტრირდე, ბუღალტრის ყოლა აუცილებელია?
„ამ შემთხვევაში საბუღალტრო აღრიცხვაც ძალიან გამარტივებულია. მათ მხოლოდ ერთი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ, ყოველი თვის 15 რიცხვში. მათ დეკლარაციის გაგზავნისას, შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ოპერატორი დაიხმარონ, ან თუ ეყოლებათ ბუღალტერი, მხოლოდ მცირე თანხით შეუძლიათ შემოიფარგლონ, როდესაც ბუღალტრის ანაზღაურებაზე მიდგება საქმე“.
· მცირე მეწარმეს შეუძლია ჰყავდეს თანამშრომელი და შემოსავლიდან უხადოს მას ხელფასი?
„არა. სწორედ ესაა განსხვავება ინდივიდუალურ მეწარმესა და მცირე მეწარმეს შორის. ინდივიდუალური მეწარმე თავისუფალია. მას შეუძლია იმუშაოს როგორც ერთპიროვნულად, ასევე დაასაქმოს ოჯახისწევრები და ჰყავდეს დასაქმებული პირები, მაგრამ მცირე და მიკრო მეწარმეები არიან დასაქმებულები ერთპიროვნულად და მათ არ შეუძლიათ ჰყავდეთ დასაქმებული“.
· როგორ იქცევა მცირე მეწარმე, თუ მისმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა?
„როცა 100 000 ლარზე გადაცდენა ხდება და ის მცირე მეწარმედაა რეგისტრირებული და უნდა დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, ჩემი რჩევა იქნება, რომ გააუქმოს მცირე მეწარმის სტატუსი და და დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ. ვინაიდან, ასეთ დროს ძალიან რთულია გააკონტროლო ბრუნვა 500 000-ზე მეტი იქნება თუ ნაკლები.
თუ 500 000-სს გადავცდებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვავალდებულებს, რომ მეწარმემ მთლიანი შემოსავლების 3% გადაუხადოს სახელმწიფოს.
ჩვენ როცა ვამბობთ ბოლო ერთი წლის ბრუნვას, ვგულისხმობთ ბოლო 12 თვის ბრუნვას და არა მაგალითად 1 იანვრიდან, მომავალი წლის 1 იანვრამდე. აქ საუბარია უკანასკნელი 12 თვის ბრუნვაზე“.
· როგორ დავრეგისტრირდე მცირე თუ ინდმეწარმედ? რა პროცედურებია გასავლელი?
„შპს-სგან განსხვავებით, აქ რეგისტრაცია შედარებით მარტივია. არ სჭირდება საწესდებო კაპიტალი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები, ოქმები და ა.შ. პიროვნება იუსტიციის სახლში მიდის და პირადობის მოწმობით რეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ.
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ, თუ პირს სურვილი აქვს დარეგისტრირდეს მცირე მეწარმედ, ის ვალდებულია მივიდეს შემოსავლების სამსახურში და გააკეთოს რეგისტრაცია ძალიან მარტივად“.
· რა შემთხვევაში რომელი სტატუსით აჯობებს დარეგისტრირება.
„როცა პიროვნებას სურს დაიწყოს ბიზნესი, მისი ბიზნეს იდეიდან და გათვლებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა შეზღუდვები და შესაძლებლობები აქვს თითოეულ შემთხვევაში სუბიექტს.
კანონი აკეთებს ჩამონათვალს, რა შემთხვევაში არ ხდება 1%-იანი დაბეგვრის განსაზღვრა მცირე მეწარმეებისთვის. ესაა: იჯარიდან შემოსული შემოსავალი; თუ სათამაშო ბიზნესი აქვს პიროვნებას და მისგან აქვს მიღებული შემოსავალი; თუ პარტნიორმა თავისი წილი გაყიდა კომპანიაში და მისგან მიიღო შემოსავალი“.

ასევე დაგაინტერესებთ