“შიდა ფრენების განხორციელებისთვის ქართულ ავიაკომპანიებს აეროპარკის განახლება მოუწევთ”- ავიაციის ექსპერტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარის ტენდერებს აცხადებს.
ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან აღნიშნული ტენდერების საფუძველზე ფრენები არ შესრულდება.
ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ შიდა ფრენებში ახალი მიმართულებების გამოჩენა ცალსახად პოზიტიური ამბავია, თუმცა მისი თქმით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც გასაანალიზებელია.
მისი თქმით, დღეს ქართულ ბაზარზე ოპერირებად არცერთ კომპანიას არ აქვს შესაბამისი რესურსი, ავიაპარკის, რომ ყველა გამოცხადებულ მიმართულებაზე შეასრულოს რეისები. მისი თქმით, დღეს არსებული ბორტებით ტენდერით გათვალისწინებული რეისების შესრულება არარენტაბელურია.
“საქართველოს ავიაპარკი დღეს 90% და მეტი დატვირთული არის ბოინგის ტიპის თვითმფრინავებით. ბოინგის არცერთი ტიპის თვითმფრინავით, რომელიც ჰყავს აღნიშნულ ავიაკომპანიებს არარენტაბელურია და ზარალიანი იქნება მათთვის ბოინგის ტიპის თვითმფრინავების დაყენება მაგალითად თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე, რომელიც 15 წუთიანი რეისია. ასევე თბილისი თელავის მიმართულებაზე. თელავი მესტიაზე საერთოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ მესტიის აეროპორტში ბოინგის ტიპის თვითმფრინავები ვერ დაჯდება.
ავიაკომპანიებს მოუწევთ, ყველა შემთხვევაში ავიაპარკის განახლება, ავიახომალდის ტიპის შეცვლა და ისეთი ტიპის თვითმფრინავების აყვანა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მანძილზე ფრენების განხორციელებას. დღეს არცერთ ავიაკომპანიას, გარდა ერთისა, თუ არ ვცდები, არ აქვს შესაძლებლობა იფრინონ ამ მიმართულებებზე. ამიტომ ვიდრე გამოთქვამენ სურვილს, რომ იფრინონ ამ მიმართულებებზე, მათ უნდა უზრუნველყონ იმ შესაბამისი თვითმფრინავის ტიპის დაყენება თავის ავიაპარკში, რომელიც ამ ფრენების შესრულებას შეძლებს.
მეორე საკითხია, თუ წინასწარ კონკრეტულ ავიაკომპანიას მიეცა საშუალება ტენდერის მოგების და მერე მოხდა დავალდებულება ამათუ იმ ავია ხომალდის შეძენის ან ლიზინგით აღების, ეს რისკის ქვეშ აყენებს ტენდერის პირობების შესრულებას, იმიტომ რომ არ არის 100%-იანი გარანტია რომ ეს შესრულდება.
ასევე არანაირი დისკრიმინაცია და შეზღუდვა არ უნდა მოხდეს აეროპორტების მიხედვით არ უნდა მოხდეს, რომ არავის არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე თუ ადამიანზე მოერგო ტენდერი,”- ამბობს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი.