„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანტიდასავლური ძალადობრივი მოძრაობის, „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა, პირველ რიგში, ოპოზიციის პრობლემაა.
ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ხმების ნაწილს „ალტ-ინფოს“ პარტია.
თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებშიც ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს.
„ოპოზიცია არის დაშლილი და პირველ რიგში, თუ ვინმემ მისცა საფუძველი და ინიციატივის საშუალება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ და ახალი იმედები ჰქონდეთ არჩევნებთან დაკავშირებით და გადაინაწილონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, ეს არის სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის დამსახურება…
პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის პრობლემა, ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ მივიღებთ ძლიერ მხარდაჭერას,“ — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
